დაბინძურება და ეკოლოგიური საფრთხე რომელიც უკვე დადგა
ადამიანი არ არსებობს საცხოვრებელი გარემოს გარეშე. სწორედ ეს გარემო განაპირობებს ჩვენს ხასიათს, მსოფლმხედველობას, ტრადიციასა და გემოვნებას.
ადამიანი არ არსებობს საცხოვრებელი გარემოს გარეშე. სწორედ ეს გარემო განაპირობებს ჩვენს ხასიათს, მსოფლმხედველობას, ტრადიციასა და გემოვნებას. ჩვენი საცხოვრებელი გარემო გამოგვარჩევს და გვაერთიანებს. თუმცა, უკვე ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენი, ყველასთვის საერთო, საცხოვრებელი გარემო იცვლება. გლობალური დათბობა პლანეტის პრობლემაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის თითოეულ ჩვენგანზე მოახდენს გავლენას: შეცვლის პეიზაჟებს, ბუნებას, ამინდს, ადამიანს და თუ გვინდა ეს გავლენა დავიმორჩილოთ, ჩვენც უნდა შევიცვალოთ დედამიწასთან ერთად და გავერთიანდეთ - პასუხისმგებლობა გავინაწილოთ.
ადამიანი არ არსებობს საცხოვრებელი გარემოს გარეშე. სწორედ ეს გარემო განაპირობებს ჩვენს ხასიათს, მსოფლმხედველობას, ტრადიციასა და გემოვნებას. ჩვენი საცხოვრებელი გარემო გამოგვარჩევს და გვაერთიანებს. თუმცა, უკვე ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენი, ყველასთვის საერთო, საცხოვრებელი გარემო იცვლება. გლობალური დათბობა პლანეტის პრობლემაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის თითოეულ ჩვენგანზე მოახდენს გავლენას: შეცვლის პეიზაჟებს, ბუნებას, ამინდს, ადამიანს და თუ გვინდა ეს გავლენა დავიმორჩილოთ, ჩვენც უნდა შევიცვალოთ დედამიწასთან ერთად და გავერთიანდეთ - პასუხისმგებლობა გავინაწილოთ.
ინდუსტრიულმა რევოლუციამ, გასული საუკუნეების პოლიტიკურმა, ტექნიკურმა და სოციალურმა მოვლენებმა გვაჩუქა თანამედროვე ქალაქი ისეთი, როგორიც ის ახლა არის: გახსნილი სივრცეებით, თავისუფლებითა და საქმიანი რიტმით. დღეს ქალაქი საკუთარი თავის ძიებასთან და შესაძლებლობების მრავალფეროვნებასთან ასოცირდება, ადგილთან, რომელიც ადამიანებს იზიდავს და სამწუხაროდ, ამ სივრცეში ცხოვრება დღითიდღე აუტანელი ხდება. მსოფლიოში, წელიწადის განმავლობაში, 200 მილიონი ავტომობილი 200 მილიონ ტონა ნახშირორჟანგს, 40 მილიონ ტონა ნახშირწყალბადს და 20 მილიონ ტონა აზოტის ოქსიდს გამოყოფს. ავტომობილის გამონაბოლქვი აირი შეიცავს დაახლოებით 200 სხვადასხვა ნივთიერების ნარევს, რომელთა ხშირი სუნთქვა ცვლის სისხლის ფორმულას, იწვევს კიბოს და სასუნთქი ორგანოების დაავადებებს და ყოველწლიურად 400 000 ადამიანის გარდაცვალების მიზეზს წარმოადგენს. მსოფლიოში ჰაერის დაბინძურების უმეტესი წილი ავტომობილების გამონაბოლქვზე მოდის. საქართველოში 930 000 ავტომობილია რეგისტრირებული, ამ სატრანსპორტო საშუალებების 55-60% (2015 წ.) თბილისში რეგისტრირდება, ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენს დედაქალაქში დაახლოებით ნახევარი მილიონი ავტომობილია.
რა თქმა უნდა, სტატისტიკა მზარდია და მათი რაოდენობა ყოველწლიურად იმატებს. ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგს თბილისში გარემოს ეროვნული სააგენტო ახორციელებს. ჰაერის დაბინძურება ყველაზე მაღალია ხშირი საცობებისა და აქტიური სატრანსპორტო მოძრაობის ადგილას. აღსანიშნავია, რომ ჰაერი ძირითადად ავტომობილების გამონაბოლქვითაა დაბინძურებული, ანუ აზოტის დიოქსიდის რაოდენობა დასაშვებ ზღვარს აღემატება.
სწორედ ამ ფაქტს მიაწერენ გარემოს დამცველები „თბილისურ სმოგს“, რომელიც ჩვენს ქალაქში რამდენიმე წელია გაჩნდა. სმოგი ერთგვარი ნისლია, რომელიც ბოლის, მჭვარტლისა და სხვა აირებისაგან შედგება და იგი დიდი ქალაქებისთვის დამახასიათებელი მოვლენაა. სმოგის გამომწვევი მიზეზი უბრალო ქიმიური რეაქციაა, რომელიც მზის შუქის, აზოტის ოქსიდებისა და მფრინავი ორგანული ნივთიერებების მონაწილეობით მიმდინარეობს. სმოგის ფორმულირებისათვის საჭირო ნივთიერებები ურბანულ არეალში უხვად მოიპოვება. ქარხნებთან, ავტომობილებთან და ელექტროსადგურებთან ერთად, მავნე ნივთიერებებს გამოყოფს ისეთი „უწყინარი“ რამეები, როგორებიცაა თმის სპრეი და ტკბილეულის შესაფუთი პლასტიკური ქაღალდი. რეაქციის შედეგად მიღებული მავნე ნაერთები კი ისეთ ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც მეტად რეაქტიულია. მიუხედავად გამომწვევი მიზეზების სიუხვისა, ქალაქურ გარემოში ამ მოვლენას, ძირითადად ტრანსპორტი და მის მიერ გამოყოფილი ნარჩენები იწვევს.
მეგაპოლისებისთვის სმოგის წარმოქმნის ძირითადი მიზეზი ავტომობილების გადაჭარბებული რაოდენობაა. მდგომარეობა უფრო მძიმდება, თუ კონკრეტული ქალაქისთვის თბილი კლიმატი, სუსტი ქარი და ხშირი საცობია დამახასიათებელი. ასეთ შემთხვევაში, სმოგი შესაძლოა ქალაქის თავზე რამდენიმე დღე დარჩეს და ადამიანების სიცოცხლე შეიწიროს. ადვილი მისახვედრია, რომ სმოგი ჯანმრთელობისთვის საზიანოა. გარდა იმისა, რომ სმოგი სუფთა ტექნიკურ პრობლემას ქმნის ქალაქში გადაადგილებისას, იგი სერიოზულ ზიანს აყენებს ბავშვებსა და მოხუცებს. სმოგს, განსაკუთრებით ის ადამიანები უნდა უფრთხოდნენ, ვისაც გულისა და სასუნთქი გზების დაავადებები აქვთ. ნისლისებური ნივთიერება ხელს უშლის ფილტვების ფუნქციონირებას, აღიზიანებს სასუნთქ გზებსა და თვალებს. ხშირი სმოგი აძლიერებს მასალებისა და ნაგებობების კოროზიას, კლავს მცენარეებს და საფრთხეს უქმნის ყველა ცოცხალ არსებას. ზოგიერთ ქალაქში ჰაერი იმდენად ბინძურდება, რომ ცათამბჯენები ბოლომდეც კი არ ჩანს.
იმისთვის, რომ ჯანსაღ გარემოში ვიცხოვროთ და შენობები ბოლომდე დავინახოთ, უბრალოდ უფრო ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ გარემოს და დროულად მივიღოთ საჭირო რეგულაციები. მწვანე საფარს ურბანულ პირობებში 3 უმთავრესი ფუნქცია აკისრია. ერთ-ერთი არის ქალაქის დაცვა ხმაურისგან. ურბანული ხმაური კი თანამედროვე ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ფენომენია: იწვევს სტრესს, უძილობას, სისუსტეს და ბავშვების არაჯანსაღ განვითარებას. გარემოს დაბინძურების ექსპრეს ლაბორატორიის შედეგების მიხედვით, კი თბილისში ხმაურის დონე მაქსიმალური დაშვების ზღვარს სცილდება. კონკრეტულად, მონაცემებმა ნორმას მეტროსადგურ „მარჯანიშვილთან“, „ახმეტელის თეატრთან“, „სარაჯიშვილთან“ და „სადგურის მოედანზე“ გადააჭარბა. მწვანე საფარისა და ურბანული პარკის არსებობა პირველ რიგში სწორედ ქალაქის ხმაურისგან თავდასაცავადაა საჭირო.
ყველამ ბავშვობიდან ვიცით, რომ ხეები და მწვანე გარემო ჟანგბადით გვამარაგებს. როცა საქმე ქალაქს ეხება, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ერთი ხე არანაირ განსხვავებას არ იძლევა ქალაქის მასშტაბით: საჭიროა მწვანე საფარის გარკვეული, უწყვეტი ფართობი იმისთვის, რომ ჟანგბადის საჭირო რაოდენობა გამოიყოს. სწორედ ამიტომ, მწვანე საფარის გაზრდა ის მნიშვნელოვანი პრევენციაა, რაც ჰაერის გასაწმენდად და მტვრის შესამცირებლად უნდა გატარდეს ქალაქში.
ჩვენ გირჩევთ
როგორ გამოიყურება მსოფლიოში საუკეთესო საახალწლო ილუმინაციები?
2018 წელი ახლოვდება და სხვადასხვა ქვეყანა მას თავისებურად აღნიშნავს. შობა-ახალი წლისთვის ერთ-ერთი დამახასიათებელი ტრადიცია ქუჩებისა თუ სახლების საახალწლო განათებაა.
რატომ უნდა ვეძებოთ მშვიდი საცხოვრებელი გარემო? მიზეზები და უპირატესობები
დღეს, მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი ქალაქში ცხოვრობს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი პირდაპირ მოქმედებს ქალაქის თითოეულ მაცხოვრებელზე
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7