რევოლუციური სტილი არქიტექტურაში - არტ-ნუვო და მისი მნიშვნელობა თბილისში
არტ ნუვოს პიონერის, ვიქტორ ორტას შემოქმედება მომენტალურად გახმაურდა. მან გადაწყვიტა კლაკნილი ხაზები თანამედროვე მასალაში გადმოეტანა...
მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეების მიჯნაზე ადამიანების ქვეცნობიერი და ცნობიერი სრულიად შეცვალა ახალმა გამოგენებებმა. ხელოვნება, მოგეხსენებათ, საზოგადოების სარკეა, შესაბამისად, არქიტექტორებმა, არტისტებმა, მწერლებმა, დაიწყეს ფიქრი, თუ როგორ ეპასუხათ თითქოს შეუმჩნეველი რევოლუციისთვის, რომელიც ინდუსტრიულ ნაგებობებში, ოფისებში და რკინიგზებზე ხდებოდა.
მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეების მიჯნაზე ადამიანების ქვეცნობიერი და ცნობიერი სრულიად შეცვალა ახალმა გამოგენებებმა. ხელოვნება, მოგეხსენებათ, საზოგადოების სარკეა, შესაბამისად, არქიტექტორებმა, არტისტებმა, მწერლებმა, დაიწყეს ფიქრი, თუ როგორ ეპასუხათ თითქოს შეუმჩნეველი რევოლუციისთვის, რომელიც ინდუსტრიულ ნაგებობებში, ოფისებში და რკინიგზებზე ხდებოდა.
ალბათ, ეს ედო საფუძვლად არტ ნუვოს პიონერის, ვიქტორ ორტას შემოქმედებას, რომელიც მომენტალურად გახმაურდა. ორტამ იაპონელებისაგან ისწავლა სიმეტრიის დარღვევა და კლაკნილი, მრუდე ხაზების ეფექტებით ტკბობა. მან გადაწყვიტა ეს ხაზები თანამედროვე მასალაში გადმოეტანა, მოთხოვნების შესაბამისად. ევროპელ მშენებლებს შესთავაზეს ახალი სტილი, ამიტომ თანამედროვე შესაძლებლობები და სიახლეები სწორედ არტ ნუვოდან იქნა გააზრებული. ევროპულ არტ ნუვოს (იუგენდსტილის, სეცესიონის, ლიბერტის) არქიტექტურას, ფაქტიურად ყველა ნამუშევარს აერთიანებს დაახლოებით ერთი მიდგომა: სურვილი ისეთი არქიტექტურის შემქნისა, სადაც ფასადები, ინტერიერის და ავეჯის დიზაინი, უბრალო კოვზიც კი ერთ მთლიან გარემოს ქმნის და ერთი ვიზუალური ლექსიკონიდან იკითხება. ევროპული არტ-ნუვო საცხოვრებლის ფანტასტიური მაგალითია, სტილის პიონერის, ჰენრი ვან დე ველდეს მიერ აგებული ‘ვილა ეშე’, სადაც უმცირესი დეტალიც კი ავტორის ჩანაფიქრის მიხედვითაა განხორციელებული. რაც შეეხება ტექნიკას, არქიტექტორები ფიქრობდნენ, რომ ყველა ის შეხედულება, რაც მათ აერთიანებდათ, საუკეთესოდ გადმოიცემოდა ჰორიზონტალური, სწორი ხაზებითა და მომრგვალებული კუთხეებით ფასადებში, მეტალის დიდი ფანჯრებითა და, რაც მთავარია, ბიო ან ფლორალური მოტივებით. უნდა ითქვას ისიც, რომ, ხელოვნება, სადაც ყველა დეტალი ხელოსნის მიერ იქმნება, ინდუსტრიალიზაციის გარეშე, საკმაოდ ძვირი ჯდებოდა. ამის მიუხედავად, ‘ახალი ხელოვნება’ ხალხს არასოდეს მოშორებია და ამ სტილის არქიტექტურა ისეთი ქალაქების მნიშვნელოვანი ნაწილია, როგორიცაა პარიზი, ვენა და პრაღა. მოკლე პერიოდში სტილმა უდიდესი გავრცელება ჰპოვა აღმოსავლეთ ევროპასა და რუსეთშიც.
ქართული არტ-ნუვო
საინტერესოა, იმ დროს როცა ევროპის არქიტექტურა და სახვითი ხელოვნება რევოლუციებისთვის ემზადებოდა, რა ვითარება იყო ქართულ ალტერნატიულ საზოგადოებაში და, რაც მთავარია, რა სოციალური რეალობა იყო იმისთვის, რომ ახალი ხელოვნება განვითარებულიყო. აღსანიშნავია, რომ თბილისში ამ პერიოდში საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრება საკმაოდ აქტიური იყო. ამან მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ახალი ხელოვნების განვითარებას. ისეთ ქალაქში როგორიც თბილისია, სადაც მოდა და განსაკუთრებულობის შეგრძნება ბევრ გრძნობაზე წინ დგას, არტ ნუვო-ს ფეხის მოკიდება არც გასჭირვებია. მეტიც, ქართული ახალი ხელოვნება ნამდვილად ცდილობდა ყოფილიყო უფრო მეტად ქართული, ვიდრე ევროპული ან რუსული.
ამ ფონზე სტილს, რომელიც ხელოვნების დარგების ერთიანობასა და ინდივიდუალურობას შეიცავდა, თბილისმა კარი ფართოდ გაუღო. ამ დროისათვის გაიზარდა მშენებლობის ხარისხიც, შესაბამისად ზოგიერთი არტ-ნუვო სტილის შენობა ქალაქს დღესაც ამშვენებს. ქართული არტ-ნუვოც ადვილად ამოიცნობა დინამიური ფასადებით, საკმაოდ უხვადაა შემკული ნაძერწი ელემენტებით, მხატვრული შემოსასვლელებითა და დარბაზებით, ფართო ღიობებით. ყველა შენობა, ისევე როგორც მთლიანად სტილი, ძალიან ინდივიდუალურია. თუმცა აღსანიშნავია ეროვნული ბანკის შენობა ლეონიძის ქუჩაზე. 1910-იან წლებში, ოჰაჯაროვის პროექტის მიხედვით აგებული შენობის მთავარი ფასადის სახეს ტალღოვანი ფრონტონებით დასრულებული შუაში აზიდული და ორი განაპირა რიზალიტი ქმნის. გვხვდება მოჭიქულფილებიანი მრგვალი ტონდოები, ფართო ვიტრინების ალათების დენადი ნახატი. ფასადი სიმეტრიულია, ფართო თაღოვანი ღიობის საპირისპირო მხარეებზე, ნიღბიანი, ნაკვეთი ფორმით გაერთიანებული მერკურისა და პლუტონის გორელიეფური ფიგურებია. ასეთი დამახასიათებელი სტილითაა გადაწყვეტილი ინტერიერიც.
მსგავსად გამოყენებული სკულპტურა ფასადებში ევროპულ არტ ნუვოშიც გვხვდება (პარიზი, ათენი, რიგა). იმ გამორჩეული შენობების რიცხვს, რომლებიც ახალმა ხელოვნებამ თბილისს დაუტოვა, მიეკუთვნებიან თბილისის ყოფილი ცენტრალური უნივერმაღი, მელიქ აზარიანცის სახლი, კინოთეატრი ‘აპოლოს’...
არტ-ნუვო მხოლოდ შენობის ფასადებს, ინტერიერს, ავეჯსა და ნახატებს არ შეხებია. ალბათ, არც თბილისური ლამაზი სადარბაზოებია მისი მთავარი მონაპოვარი. ეს სტილი, ისევე, როგორც ყველა მუცირესი დეტალი არქიტექტურაში, ადამიანის საჭიროებებიდან და ფსიქოლოგიიდან გამომდინარეობს. განვითარებასთან ერთად იცვლება პრობლემატიკა და იცვლება ფასადები. მიუხედავად იმისა, რომ თბილისს ბევრი მაღალმხატვრული ნიმუში ამშვენებს არტ ნუვოს სტილში, მთავარი მონაპოვარი, ალბათ, მაინც ინდივიდუალიზმია. ისეთი ინდივიდუალიზმი, რომლის განსაკუთრებულობაც დეტალებში და საზოგადოებასთან ასიმილაციაშია.
ჩვენ გირჩევთ
თანამედროვე საზაფხულო სახლების გამორჩეული არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი
ზაფხულში დასვენების მხრივ დიდი ყურადღება საზაფხულო სახლებს ეთმობა. დღეს ზუსტად მათ თანამედროვე და გამორჩეულ ვარიანტებს შემოგთავაზებთ.
პატარა ეკო-მეგობრული სახლები-მდგრადი არქიტექტურისა და თანამედროვე დიზაინის კარგი მაგალითი
არქიტექტორები და მშენებლები აღიარებენ, რომ პატარა სახლები მეტად ლამაზი და ეფექტურია განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს უკანასკნელნი ეკო-მეგობრულია.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7