რეჟისორების თვალით დანახული არქიტექტურა და მისი როლი კინოში
ხშირად იმისათვის, რომ სივრცის სილამაზე დავინახოთ საჭიროა მას არტისტის თვალით შევხედოთ.
არქიტექტურა პირველ რიგში ის გარემოა, სადაც ვცხოვრობთ. არქიტექტურა ყოველდღიურობაა. მიუხედავად იმისა, რომ ფორმის ძიება ურთულესი ხელოვნებაა, ხალხის მიერ მისი აღქმა პირველ რიგში ფუნქციური თვალსაზრისით ხდება. სამწუხაროა, მაგრამ ისეთ სუფთა ხელოვნებაში, როგორიც მოცულობის შექმნაა, ხშირად ესთეტიკას ვერ, ან არ ვხედავთ. ხშირად იმისათვის, რომ სივრცის სილამაზე დავინახოთ საჭიროა მას არტისტის თვალით შევხედოთ. ხელოვანის, ოღონდ არა არქიტექტორის, არამედ რეჟისორის თვალით. ზოგადად ფილმი, ამბის ჩვენების ხელოვნებაა. რეალისტური იქნება ის, თუ ექსპრესიული, ამბავს საარსებო გარემო სჭირდება: ის ადგილი, სადაც პერსონაჟები იბადებიან, ვითარდებიან და კვდებიან. არქიტექტურა კი საკუთარ თავში სწორედ გარემოს შექმნას მოიაზრებს. სწორედ ამიტომ, გადასაღებ მოედანზე არქიტექტორები ძალიან აქტიურად მუშაობენ. ზოგჯერ მათ არარსებული გარემოს შექმნა ევალებათ, ზოგჯერ კი უკვე არსებული მოცულობების ფირზე ასახვა.
არქიტექტურა პირველ რიგში ის გარემოა, სადაც ვცხოვრობთ. არქიტექტურა ყოველდღიურობაა. მიუხედავად იმისა, რომ ფორმის ძიება ურთულესი ხელოვნებაა, ხალხის მიერ მისი აღქმა პირველ რიგში ფუნქციური თვალსაზრისით ხდება. სამწუხაროა, მაგრამ ისეთ სუფთა ხელოვნებაში, როგორიც მოცულობის შექმნაა, ხშირად ესთეტიკას ვერ, ან არ ვხედავთ. ხშირად იმისათვის, რომ სივრცის სილამაზე დავინახოთ საჭიროა მას არტისტის თვალით შევხედოთ. ხელოვანის, ოღონდ არა არქიტექტორის, არამედ რეჟისორის თვალით. ზოგადად ფილმი, ამბის ჩვენების ხელოვნებაა. რეალისტური იქნება ის, თუ ექსპრესიული, ამბავს საარსებო გარემო სჭირდება: ის ადგილი, სადაც პერსონაჟები იბადებიან, ვითარდებიან და კვდებიან. არქიტექტურა კი საკუთარ თავში სწორედ გარემოს შექმნას მოიაზრებს. სწორედ ამიტომ, გადასაღებ მოედანზე არქიტექტორები ძალიან აქტიურად მუშაობენ. ზოგჯერ მათ არარსებული გარემოს შექმნა ევალებათ, ზოგჯერ კი უკვე არსებული მოცულობების ფირზე ასახვა.
არქიტექტურის მოყვარულთათვის ვუდი ალენის ფილმებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ არქიტექტურა აქ არასოდესაა „მთავარ როლში“, შეუძლებელია არ შეამჩნიო ალენის დამოკიდებულება ზოგადად ქალაქური ცხოვრების მიმართ. რეჟისორი ძალიან ოსტატურად იყენებს ხედებსა და მოცულობებს მთავარი სათქმელის გადმოსაცემად. ამის საუკეთესო მაგალითია „შუაღამე პარიზში“. სურათი წარსულის გაიდეალებას ემსახურება, „ოქროსფერი პერიოდის“ ფილოსოფიით ხელოვანი გვიყვება, რომ ადრე ყველაფერი უკეთესი იყო. ამიტომ, მთელი ფილმის განმავლობაში ვერ ნახავთ თანამედროვე არქიტექტურის ვერცერთ კადრს. ალენმა პარიზი თითქოს 30-იან წლებში გაყინა.
მიუხედავად იმისა, რომ ვუდი ალენის ხედვა ერთ, კონკრეტულ მოცულობას არასოდეს ირჩევს, ქალაქის ხასიათი ყოველთვის უშეცდომოდაა აწყობილი და პერსონაჟებიც ზუსტად არჩეულ გარემოში ვითარდებიან. გამორჩეულადაა ნაჩვენები ჭრელი ბარსელონაც, ფილმში „ვიკი, კრისტინა ბარსელონა“. თუმცა, ვუდი ალენის ქალაქი მაინც ნიუ-იორკია. ნერვული, ცინიკური და დაბნეული პერსონაჟები ძირითადად ამ ქალაქში იშლებიან, ცათამბჯენების ფონზე. ყველა ნიუ-იორკში გადაღებული ფილმით ალენი სიყვარულს უხსნის ქალაქს, თუმცა, გერშვინის გენიალური მუსიკის ფონზე ნაჩვენები მანჰეტენის შავ-თეთრი ხედები, რომლთაც 1979 წელს გადაღებული „მანჰეტენი“, იხსნება, დღემდე ითვლება არქიტექტურისა და კინემატოგრაფიის იდეალურ სინთეზად. შავ-თეთრი კადრებით ქალაქის სილუეტი თითქოს უფრო მძაფრდება, როგორც შემდგომ გაირკვა, ამ ტექნიკით გადაღება იმიტომ გადაწყდა, რომ რეჟისორს ნიუ იორკი ბავშვობიდან ამ ფერებში ახსოვდა.
კინოში ხშირად უკვე არსებული ქალაქის გაიდეალების ნაცვლად სრულიად ახალი გარემო იქმნება. მაგალითად, ჰობიტონი, მთლიანი დასახლება ახალ ზელანდიაში, რომელიც ბეჭდების მბრძანებლის გადასაღებად შეიქმნა და დღეს ძალიან პოპულარული ტურისტული ატრაქციონია. თანამედროვე საშუალებებმა მოგვცა შესაძლებლობა, რომ ეკრანზე წიგნსა თუ კომიქსში აღწერილი, „ფენტეზის“ არქიტექტურით დავტკბეთ. ბრწყინვალედაა გაცოცხლებული მნიშვნელოვანი არქიტექტურული ობიექტები: მინას ტირითი, ჰოგვორტსი, ქალაქი „გოთჰემი“... თუმცა, კინემატოგრაფიის ყველაზე მნიშვნელოვან „არქიტექტურულ მონაპოვრად“ დღემდე 1927 წელს, ფრიც ლანგის მიერ გადაღებული ფილმი, მეტროპოლისი ითვლება. ტრაგიკული ისტორია მუშების ქალაქზე თავის ეპოქაში გასაოცარი სანახაობა უნდა ყოფილიყო. გადაღებები გერმანიაში მიმდინარეობდა, ვაიმარის ეპოქაში, სწორედ ამიტომ, გარემოში კუბიზმის, ფუტურიზმისა და ბაუჰაუსის გავლენა იგრძნობა. გასაოცარი უნდა ყოფილიყო სანტ-ელიას ქაღალდის არქიტექტურით ინსპირირებული ქალაქის შავ-თეთრი კონტურების ყურება დიდ ეკრანზე, ცოცხალი მუსიკის ფონზე. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი უხმოა, ემოციებისა და გარემოს გადმოცემას იდეალურად ახერხებს.
არქიტექტურა თანამედროვე ფილმებშიც განაგრძობს რეჟისორების ინსპირირებას. ფანტასტიური მაგალითია ვეს ანდერსონის ფილმი „სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი“. ანდერსონის არჩეული ფერები, სივრცეები, კოსტიუმები და დიზაინი ძალიან მაღალი ხელოვნებაა. მთავარი მოქმედების ადგილის შესაქმნელად რეჟისორმა 14 სხვადასხვა ლოკაცია გამოიყენა და მათგან ერთი სასტუმრო შექმნა. ყველაზე ძლიერ აქ მაინც სასტუმრო ბრისტოლის გავლენა იგრძნობა, რომელიც ვალენსიაში მდებარეობს. ვარდისფერი ფასადი, ორნამენტები და ინტერიერის განუმეორებელი გადაწყვეტა ზუსტად ასახავს იმ ირონიულ და პომპეზურ განწყობას, რაც რეჟისორს ჰქონდა ჩაფიქრებული.
საინტერესოდ უყურებს არქიტექტურას რეჟისორი კრისტოფერ ნოლანიც. ფილმში „დასაწყისი“, იგი ცდილობს არქიტექტურით გადმოგვცეს მთავარი პერსონაჟის ქვეცნობიერის ლაბირინთები. ყოფილი არქიტექტორი, დომ კობი, მუდმივად ახალი სიზმრისა და ახალი ფორმის ძიებაშია. ფილმი თამამი არქიტექტურული იდეებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების იდეალური ნაზავი გამოვიდა, შთამბეჭდავი კადრებით. გარემოსთან საინტერესო დამოკიდებულებას ამჟღავნებს ლარს ფონ ტრიერი, რომელმაც, ფილმში „დოგვილი“ თითქოს უარი თქვა არქიტექტურაზე, რითაც ემოციების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. შედეგად, გადასაღები მოედანი პრიმიტიულ ნახაზს დაემსგავსა, რომელიც გრძნობებსა და შთაბეჭდილებებს არ საზღვრავს. „დოგვილის“ ესთეტიკა მინიმალისტურია და ესეც სივრცის შექმნის ხერხია.
რა თქმა უნდა, სხვა მრავალი შესანიშნავი რეჟისორი იყენებს მოცულობას ოსტატურად, ჟაკ ტატი, ჟან ლუკ გოდარი... ეს ამტკიცებს, რომ არქიტექტურისა და კინოს სინთეზით შეიძლება ძალიან საინტერესო კადრები და უბრალოდ გამორჩეული ამბები მივიღოთ.
ჩვენ გირჩევთ
ფუნქციური და პროგრესული თანამედროვე არქიტექტურა და მისი მნიშვნელობა გლობალურ საზოგადოებაში
თანამედროვე არქიტექტურა მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში წარმოიშვა და დომინანტური მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გახდა.
სიყვარულის ინსტალაციები - როგორ ხვდებიან ვალენტინობას ტაიმზ-სკვერზე?
წმინდა ვალენტინის დღეს ტაიმზ-სკვერი განსაკუთრებულად ხვდება. უკვე რამდენიმე წელია, რაც აქ სიყვარულის დღის აღსანიშნავად არქიტექტურული ინსტალაციები იდგმება.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7